– მარიონეტებად ის საქმე გვაყალიბებს, რომელსაც მექანიკურად ვემსახურებით

ხშირია ისეთი ცხოვრებისეული სიტუაციები, როდესაც გზაჯვარედინზე გიწევს დგომა და სწორი მიმართულების არჩევა, საიდანაც გზას გააგრძელებ. თუმცა, მყარ და წარმატებულ ნაბიჯებს კალაპოტიდან ამოვარდნასა და მშვიდი დინების საპირისპირო მიმართულებით ცურვას ამჯობინებ. ამ დროს მარტოობა შეგიპყრობს, აზრებისა და ემოციების დასალაგებლად შენი ერთადერთი მეგზური წიგნი და მუსიკა გახდება. ამ სიტუაციაში კი უამრავი პრობლემა შეგექმნება, ბევრიც გაგაკრიტიკებს. ახლობლებისგან შენიშვნებს მიიღებ.
გეტყვიან, რომ უმადური ხარ, ცხოვრებაში, ის გხვდა წილად რაზეც სხვამ შეიძლება იოცნებოს. „ყველაფერი ხომ შედარებითა?! „ …
ამისთვის მზად უნდა იყოთ, ის რაც თქვენს თავს ხდება ტრაგედია არ არის, დრო არავის მოსმენაში დახარჯოთ.

თითოეული ნაბიჯის გადაგმისას ჩვენ ვართ საკუთარი თავის შემქმნელები, თუმცა, მარიონეტებად ის საქმე გვაყალიბებს, რომელსაც მექანიკურად ვემსახურებით.
ამ დროს შემოქმედებით შესაძლებლობებს ჩვენივე ხელით ვბლოკავთ, ვექცევით გავლენის ქვეშ, საიდანაც თავის დაღწევაზე ფიქრი თითქოს ზედმეტია.
დეტალების გაცნობიერების შემთხვევაში აუცილებლად მოგიწევთ ტაიმ-აუტის აღება, შემდგომ კი დროული იქნება სტარტი, ძალების მოკრეფვითა და ახალი შემართებით, რათა ყოველგვარი მიზან-საშუალებით შეიცნოთ საკუთარი თავი ფუნდამენტურად.
ხშირად მიფიქრია, თუ რატომ მაქვს უდიდესი ადრენალინის შეგრძნება, როდესაც ნიცშეს ფილოსოფიას ვითავისებ -„რაც არ კლავს, ის აძლიერებს“
პასუხი არც თუ ისე რთულია. უმეტეს შემთხვევაში, მძიმე წარსული ან უსიამოვნო რეალობა წარმატების უტყუარ საფუძველს ქმნის და შემოქმედებით ხედვას აყალიბებს.
აბსოლუტურად ყოველთვის, როდესაც გადაიღლები, ერთხელ მაინც გაგეფიქრება ცხოვრების აბსურდულობაზე. საკუთარ თავს მოაჩვენებ, რომ ბრძოლა არ ღირს, მაგრამ გეტყვით, ადამიანის არაცნობიერის შესაძლებლობები ყველაზე პროდუქტიული ასეთ სტრესულ სიტუაციებშია, ყველაზე მეტად ამ მომენტში ღირს ბრძოლა, არ დანებდე და გააგრძელე გზა, რომელსაც თავადვე შექმნი სხვისგან დამოუკიდებლად. გადაშალე ახალი ფურცელი და დაამარცხე ის სისუსტეები, რომლებიც გზღუდავენ. ზუსტად ამის შემდეგ გააცნობიერებ, რომ ყველაფერი ღირს იმად, რომ გაცურო გამარჯვების ტალღებში.

ყოველი პროექტისა თუ სტატიის დასრულებისას ვფიქრობ, არის წერა ჩემი საქმე, თუ ეს ერთადერთი შესაძლებლობაა სტერეოტიპების დამსხვრევისთვის, რომელსაც კალამი მაძლევს.
ამ კითხვაზე პასუხი ახლაც არ ვიცი. მეც კალაპოტიდან ამოვარდნილი პერსონა ვარ, რომელიც ეძებს საკუთარი თავის შეცნობისა და განვითარების გზებს, იზიარებს ნიცშეს ფილოსოფიას და თვლის, რომ გახდება საკუთარი თავის შემოქმედი, არ დასჯერდება ერთს და პირობას დებს, რომ შექმნის რეალობას რომლის მთავარი მამამოძრავებელი ძალა თქვენ იქნებით.

Cool Vibes from TFW

დღესდღეობით, ქართული ხელოვნება ისევე როგორც კულტურა, ფართო მასშტაბებით არის წარმოდგენილი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ქართული მოდის ინდუსტრია კი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ხშირად მიფიქრია, თუ რა შეიძლება ყოფილიყო წარმატების ფორმულა იმ ნიჭიერი ადამიანებისათვის, რომლებიც ჩვენ გარშემო ჩუმათ არსებობდნენ და ქმნიდნენ არაერთ კრეატიულ ნამუშევარს, რომელიც აუცილებლად უნდა ენახა საზოგადოების ფართო და კომპეტენტურ სპექტრს.

თბილისის მოდის კვირეული პირველია, რომელმაც უამრავი სახე აღმოაჩინა და მისცა მათ გასაქანი განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის.
იყო პირველი – ეს პრივიეგიაა, ასოცირდებოდე  წარმატების ფორმულასთან -უდიდესი პასუხისმგებლობა.
რიგით მე-15 მოდის კვირეულს არც ამჯერად უღალატია ფორმატისთვის და ძირითადი აქცენტი დამწყებ და ჩვენთვის ნაკლებად ცნობილ ნიჭიერ დიზაინერებზე გააკეთა.

კვირეულის განმავლობაში თბილისის მოდისა და კულტურის დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ისეთ საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებმა გაუზიარეს მსოფლიოს, როგორებიც არიან : VOGUE ITALIA, BRITISH VOGUE, W MAGAZINE, DUST MAGAZINE, ELLE.COM , WWD MAGAZINE და სხვ.  ასევე მინდა გითხრათ, რომ უკვე მეორე სეზონია TFW ტრადიციას ამკვიდრებს გახსნის დღესთან დაკავშირებით, რომ ეს დღე მთლიანად ქართული კულტურის ლეგენდებს დაუთმოს.
მე-14 სეზონზე ჩვენ ნინო რამიშვილის ვინტაჟ კოსტუმები ვიხილეთ ულამაზესი პერფომანსის სახით, რომელმაც მაყურებელის დიდი მოწონება დაიმსახურა. ვინ უნდა ყოფილიყო შემდეგი, თუ არა სოფიკო ჭიაურელი. ღვნინის ქარხანა N1 – ში წარმოდგენილი იყო პერფომანსი ვერის უბნის მელოდიებიდან და ინსტალაციები ფარაჯანოვის ფილმიდან “ბროწეულის ფერი” , სადაც სოფიკო ჭიაურელი თამაშობდა. თითქოს ერთი დღით გაცოცხლდა ყველაფერი, რაც ჭიაურელის სახელთან იყო დაკავშირებული და იდეამ მაყურებელიც უპირობოდ აღაფრთოვანა.

This slideshow requires JavaScript.

Photos – Sali Dundua / EIR & DYE

მინდა წარმოგიდგინოთ 3 დიზაინერი თბილისის მოდის კვირეულიდან, რომლებმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე.

ანი დათუკიშვილი.


TATANA .


მარიამ გვასალია


Photos – TFW

Missoni – პარფიუმი ქარიზმატული ქალბატონებისთვის

იტალიური მოდის სახლი Missoni, ცნობილია თავისი ტრიკოტაჟული ნაწარმით, რომელიც სხვადასხვა ტიპის ქსოვილისა და ფერებისგან მზადდება. ეს უკანასკნელი ნებისმიერი ქალბატონის გულთამპყრობელია, ვისთვისაც მრავალფეროვნება და ფერების გემოვნებიანი ექსპერიმენტი მნიშვნელოვანია.

Missoni როგორც ტანსაცმლის, ასევე პარფიუმის წარმოებაშიც მოწინავე ადგილს იკავებს. ბრენდის პარფიუმის ისტორია 1981 წლიდან იწყება. პირველი არომატი ცნობილი პარფიუმერის Bernard Chant-ის სახელს უკავშირდება. 2006 წელს კი გვევლინება მეორე ფანტასტიკური არომატი, რომლის პარფიუმერი Maurice Roucel გახლავთ. მან გადაწყვიტა ყვავილებისა და შოკოლადის ნოტების თაბრუდამხვევი სინთეზი გაეკეთებინა, და ეს ნამდვილად მოახერხა.


70-იანი წლებიდან დაწყებული დღემდე, ყოველთვის გამორჩეულია ტენდენციური ქალი ფერადი სამოსით. უცნაური არ იქნება თუ ვიტყვი, რომ  ტენდენციური ქალბატონის არჩევანი ყოველთვის ხილოვანსა და ყვავილოვან არომატთან შეჩერდება.


Missoni-ს  პარფიუმის ახალი ერა 2015 წლიდან იწყება. ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა
ანჟელა მისონმა მესამე მომაჯადოვებელი არომატის შესაქმნელად წარმატებული ახალგაზრდა პარფიუმერი Quentin Bisch აირჩია. მისი ამოცანა უნიკალური არომატის შექმნაში მდგომარეობდა, რომელსაც უნდა ეპასუხა ბრენდის კონცეფციისთვის და ხაზი უნდა გაესვა ქალბატონის თავდაჯერებულ და გამბედავ ბუნებაზე.

პარფიუმერმა ნამდვილად მოახერხა ზღაპრული არომატის შექმნა, რომელიც აუცილებლად გახდება ნებისმიერი თქვენგანის განუყრელი საზაფხულო „აქსესუარი“. სუნამო სწორედ ისეთი ქალბატონისთვის არის განკუთვნილი, რომელსაც განსაკუთრებული ქარიზმა გააჩნია და მისონის პარფიუმის მეშვეობით ყოველთვის მიიპყრობს საზოგადოების ყურადღებას ნებისმიერ ადგილსა და სიტუაციაში.

სუნამოს მთავარი იგრედიენტი ორქიდეასა და ბერგამოტთან ერთად ტენდენციური მსხალია, რომელიც შესანიშნავად ერწყმის იტალიური ციტრუსების ტრიოს. ქმნის მსუბუქ და ტკბილ არომატს, რაც ნამდვილად უსვამს ბრენდის ესთეტიკას ხაზს.

სუნამოს შეძენა შესაძლებელია 3 მაისიდან „ისი პარის“  ნებისმიერ მაღაზიათა ქსელში.

 

მეორადი ტანსაცმლის ტენდენცია და 90-იანები

ტექსტი – დათა ალექსეევი / ჟურნალი ბომონდი

სტილი ერთგვარი კულტურაა, რომელიც ნათლად გამოხატავს ჩვენს ექპრესიულ მიდრეკილებებს. გასაკვირი არ არის, რომ მოდის მიმდევრები სისტემატურად ცდილობენ ინოვაციური მოდის ელემენტების ათვისებასა და შემდეგ საკუთარ სტილში გადმოტანას – მოდური თავისუფლება ხომ ინდივიდუალიზმის ჩამოყალიბების უტყუარი საფუძველია. უამრავი ხერხი არსებობს საამისოდ, რომ გამოიყურებოდე ტენდენციურად და გქონდეს საკუთარი სტილი, თუმცა დღესდღეობით ეს ხერხები მეტ-ნაკლებად შეცვლილია, ჩარჩოები კი გარღვეული. ჩვენს ხელში სრული თავისუფლებაა, დღეს ხომ ყველაფერი მოდაშია!
მოდა თავიდანვე ფუფუნების აღმნიშვნელი იყო… დიდი წვლილი მოდური სტანდარტების შეცვლაში ქართველ დიზაინერს, დემნა გვასალიას მიუძღვის. მან მოახერხა იმ სუბიექტური მიმდინარეობის დამკვიდრება, რომელიც ძალიან ბევრ შოპოჰოლიკს სწყუროდა. განიერი პერანგები, არაპროპორციული ჯემპრები, მაღალწელიანი ჯინსები – ეს ხომ ევროპული 90-იანების გადმონაშთია. დღევანდელი სტანდარტები არ აღიარებს განსაკუთრებულ გადაპრანჭვასა და შეფუთვას ძვირად ღირებულ სამოსში, თუმცა არც სტანდარტებს აწესებს. ეს ყველაფერი ბუნებრივად ქცეულ ტენდენციად შეიძლება მოვიაზროთ, რომელსაც ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება მიმდევარი.ალტერნატიული მოდა თავისუფალი სულის უპირობო სიმბოლოა, 90-იანი წლების სტილი – კომფორტული საშუალება მინიმალისტური მიმართულების მარტივად გამოსამჟღავნებლად.
დღესდღეობით მეორადი ტანსაცმლის ტენდენციამ ფართოდ მოიკიდა ფეხი საქართველოშიც. ამის მთავარი მიზეზი კი 90-იანი წლების კულტურასთან სიახლოვეა. დღეს ტენდენცია ერთ-ერთ სუბკულტურულ მიმდინარეობად გვევლინება, დიახ, ეს ახალი 90-იანებია, ანუ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია!

ძნელი არ არის იმ ვინტაჟური სამოსის აღმოჩენა, რომელიც გარკვეული მიმართულების ბატონობის პერიოდშია შექმნილი და შეიძლება რამდენიმე ათეულ წელსაც კი ითვლიდეს.
ნებისმიერი სამოსის მოდერნიზება და გემოვნებიანი ექსპერიმენტი კი უდავოდ დასაფასებელი და, რაღა თქმა უნდა, შთამაგონებელია.

მინდა წარმოგიდგინოთ განსხვავებული პროფესიის ადამიანები, რომლებისთვისაც მეორადი ტანსაცმლისა და 90-იანების შერწყმა გარკვეულ ექსპერიმენტთან და საინტერესო თავგადასავალთან ასოცირდება.

ნინი ბექაური / მოდის ბლოგერი

მოდის სფეროში მოღვაწე ადამიანების მიმართ ყოველთვის არის სტერეოტიპული დამოკიდებულება, თითქოს სისტემატურად ბრენდებით ვიმოსებით და მთავარი საზრუნავიც ეს არის ჩვენთვის. რეალობა სხვაგვარია, საერთოდ არ ვამახვილებ ყურადღებას ბრენდებსა და ძვირად ღირებულ სამოსზე, რადგან ვფიქრობ, გემოვნება იმდენად ინტიმური და არასადავო თემაა, არ ღირს ამ თვალსაზრისით მოდის სფეროში მოღვაწე ადამიანების განსჯა, მთავარია, სტილის შეგრძნება და ინდივიდუალიზმი. ძალიან ცოტა დროს ვხარჯავ იმაზე, რა შეიძლება ჩავიცვა. ყველაზე მარტივია, გეცვას ბრენდი და გამოიყურებოდე შესამჩნევად, მაგრამ ჩემთვის ბრენდების გარეშე სტილის ჩამოყალიბება უფრო რთული პროცესია.
სადა და მინიმალისტური სტილი მიყვარს, ბევრად კომფორტულია და გარკვეულწილად თავისუფლების შეგრძნებასაც მიჩენს. გლამური ნაკლებად მიზიდავს. ზემოთ ხსენებული სტერეოტიპის დასამსხვრევად კი საუკეთესო ვარიანტი მეორადი სამოსის აქტიური მოხმარებაა. რაც შეეხება 90-იანებს, მაშინ საქართველოში სამოსი ერთფეროვანი იყო, შესაბამისად, არ იყო ტანსაცმლის დიდი არჩევანი და, მგონია, ამიტომაც აქვს განსაკუთრებული გავლენა გასულ 90-იანებს თბილისის ქუჩებში. მეორადი კი ის ადგილია, სადაც ვაწყდებით იმ 90-იანებს, რაც დღეს ტრენდად იქცა.

გიორგი გოგოხია / მოდელი

ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს კამერების წინ დგომა. საინტერესო პარალელს გავავლებდი პოდიუმიდან ქუჩის მოდამდე. ყოველთვის მიყვარდა სხვადასხვა დროის ტენდენციების არევა და ერთმანეთთან შეხამება. მოდის კვირეულის განმავლობაში, ყველაზე ხშირად ჩემი სტილით ვიქცევ განსაკუთრებულ ყურადღებას.
ვფიქრობ, 90-იანი წლების მიმართულებამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სასიამოვნოა გამოიყურებოდე ტენდენციურად ისე, რომ თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდე. ბევრი არ მიფიქრია, სად შეიძლებოდა შემეძინა ის სამოსი, რომელიც მონატრებას იწვევდა ჩემში.
მეორადი ტანსაცმელი საშუალებას მაძლევს, ბოლომდე გამოვხატო ჩემი შინაგანი სამყარო და ორიგინალურად გამოვიყურებოდე ალტერნატიული სტილის მეშვეობით.

სალომე ვეფხვაძე /კინო რეჟისორი

მხატვრების ოჯახში გავიზარდე. ბავშვობიდან ხელოვნება ჩემი ინტერესის მთავარ სფეროს წარმოადგენდა. მხატვრობას არ გავყოლილვარ, მაგრამ ამჟამად 9 მოკლემეტრაჟიანი ფილმი მაქვს გადაღებული. ხელოვნების ნებისმიერი სფეროს აღქმის სუბსტანცია ჩვენს ხედვაზეა დამყარებული. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ სტილიც ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი შთამაგონებელი რიტმია, რომელსაც კომფორტულად და თავისუფლად ვქმნი. ყოველთვის ხასიათიდან გამომდინარე ვიცვამ.

დიდ უპირატესობას ვანიჭებ ფერად ტანსაცმელს. ჩემთვის საინტერესო პროცესია ფერების შეხამება. შესაბამისად, თუ ორიგინალურად გამოვიყურები, დღეც უფრო პოზიტიური ხდება. ჩემი მიზანი არ მდგომარეობს განსხვავებულობაში, უბრალოდ ვცდილობ, ვიყო ის, ვინც ნამდვილად ვარ და მინდა, იმიჯმაც იმეტყველოს ამაზე. იშვიათად დავდივარ სავაჭრო ცენტრებში, უპირატესობას მეორად ტანსაცმელს ვანიჭებ, რადგან ვთვლი, რომ ვინტაჟი, აღმოჩენებისა და მრავალფეროვნების დიდი სამყაროა. მეორადი ტანსაცმელი იშვიათად მეორდება, რაც ჩემთვის პრივილეგიაა, 90-იანი წლები კი საუკეთესო ინსპირაცია ტენდენციურობისთვის.

დავით იმნაძე / ღამის კლუბის თანამშრომელი

90-იანი წლების თბილისში დავიბადე, რაც ნაცრისფერთან ასოცირდება ჩემთვის. სტილის თვალსაზრისით ეს პერიოდი საქართველომ გამოტოვა. მეტ უპირატესობას მუქ ფერებსა და ერთფეროვან სამოსს ანიჭებდნენ.
ალბათ, ზედმეტი იყო მოდაზე ფიქრიც კი. ჩემი იმიჯი მჭიდრო კავშირშია ცხოვრების სტილთან. კლუბში აღმოვაჩინე თავისუფლება, რომელსაც გარეთ ვერ შეხვდები. ვინტაჟური სტილისა და 90-იანების სინთეზი ჩემი ყოველდღიურობის საინტერესო თავგადასავალია. ვფიქრობ, რასაც ვიცვამ, ერთგვარი პროტესტის ნიშანია, რასაც თავისუფლად გამოვხატავ სტილის მეშვეობით.
მეორადი ტანსაცმელი ნამდვილად მეხმარება, გამოვიყურებოდე ორიგინალურად ნებისმიერ სტილში და არ ვგავდე სხვას.

ტექსტი – დათა ალექსეევი
სტილი – დათა ალექსეევი

ფოტო – სალი დუნდუა

ჟურნალი ბომონდი, აპრილის ნომერი , 2017
http://www.beaumonde.ge/dataalekseev