-Irma De Flore-ს ქალბატონი, ის არის მუზა და პოეტი ერთდროულად!

როდესაც საქმე ნებისმიერი განხრის წმინდა ხელოვნებასთან  გვაქვს, უნებლიედ ყალიბდება კრედო, რომლის მთავარი არსი მცირე დოზით მაინც ატარებს პერფექციონისტურ ხასიათს – მაღალი სტანდარტებისადმი შესატყვისობა ან სრული კრახი. არჩევანი კი თქვენზეა. ინსპირაციისა და იდეის წარმატებული ხორცშესხმა სწორედ საყვარელი საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებითა და დიდი სიყვარულით მიიღწევა.

სიყვარული სინათლეა, რომელიც ცხოვრების სახიფათო ბილიკებს გვინათებს და გვჩუქნის თავისუფლებას. ხელოვნების თავისუფლებას…“

სწორედ ეს გახლავთ ვიზუალური არტისტის, ირმა შარიქაძის დევიზი, სადაც სიყვარული და თავისუფლება პირდაპირკავშირშია ხელოვნების შესაქმნელად.
მისი პირველი ნაბიჯები ფოტოგრაფიიდან იწყება, დღესდღეობით ირმა წარმატებული დიზაინერია და ბრენდს „Irma De Flore” წარმოადგენს.
მისთვის არ არსებობს არანაირი ფორმულა, ყველაფერი დამყარებულია შინაგან შეგრძნებებსა და ინტუიციაზე.
შთამბეჭდავია დიზაინერის უკიდეგანო ფანტაზიის უნარი და მდიდარი ფერთა პალიტრა სამოსის დიზაინში, რომელიც ბრენდის იდენტიფიცირებას მარტივად ახდენს.

Irma de Flore’s S/S 2016 fashion performance “Imaginery Garden” inspired by Frida Kahlo 

ყოველთვის დასამახსოვრებელია „Irma De Flore”-ს პერფომანსები ორიგინალური თემატიკითა და შთაგონებით. ასევე აღსანიშნავია ბრენდის კონცეფცია, რომელიც „Luxury” ხაზს წარმოადგენს და გეტყვით, თითზე ჩამოსათვლელია ქართველი დიზაინერები, რომლებიც მუშაობენ სამოსის უმაღლეს კლასზე და მას წარმატებით ართმევენ თავს.
საქმისადმი სიყვარული და ინდივიდუალურობა მკვეთრად იგრძნობა ტანსაცმლის თითოეულ დეტალში. ალბათ, ამიტომაც მოიპოვა ბრენდმა მალევე პოპულარობა და საზოგადოების სიყვარული. ფაქტი კი სახეზეა, ქიმია ნამდვილად შედგა კრეატივისა და მაღალი სტანდარტებისადმი შესატყვისობის შორის.

ირმა შარიქაძის შემოქმედებაში უდიდეს როლს ინსპირაცია თამაშობს. მისთვის ეს უკანასკნელი არ არის მხოლოდ რაიმე კონკრეტული, როგორც დიზაინერი ამბობს, ინსპირაცია შეიძლება იყოს როგორც მატერიული, ასევე ჩვენი ცნობიერის მიღმა აღბეჭდილი ცხოვრებისეული ფრაგმენტებიც. მისთვის შთამაგონებელი შეიძლება იყოს აყვავებული ყვავილის ტოტი, მზის ამოსვლა გარიჟრაჟზე, ან უცნობი ქალის ძველი ფოტო.
ეს ყველაფერი კი მშვენიერების ესთეტიკურ აღქმასა და სილამაზის ძიებას უკავშირდება.

„თუ ხარ მზად,იმისთვის, რომ მიიღო ინსპირაცია ის აუცილებლად მოვა, თან მოულოდნელი ფორმით“ – ირმა შარიქაძე


მოგვიყევით კარიერის პირველ ეტაპზე, რამ განაპირობა თქვენი ინტერესი ფოტოგრაფიის ხელოვნებაში?
16 წლის ასაკში აღმოვაჩინე ფოტოგრაფიის საოცარი სამყარო. მახსენდება პირველი გადაღება, პირველი ფირი, ძველი თბილისი,რომელსაც მონდომებით ვიღებდი ნაჩუქარი ზენიტით. მახსოვს, მაშინ მსახიობობაზე ვოცნებობდი, ვსწავლობდი თოიძის სამხატვრო სასწავლებელში და პარალელურად პანტომიმის თეატრშიც. მახსოვს, რომ შუქი ხშირად არ იყო და არც ფოტოგრაფიის პროფესიონალურად შესწავლის შანსი მქონდა. მითუმეტეს, ფოტოგრაფი ქალიც კი არ არსებობდა იმ პერიოდში, მაგრამ ამ გამოწვევას არ შევუშინებივარ, უფრო დიდი სტიმული მომცა, რომ ყველაფერს შევძლებდი.

რატომ ხელოვნება?
ხელოვნება ჩემთვის მთავარი სასიცოცხლო მოტივაცია და თვითგამოხატვის საშუალებაა.მის გარეშე ცხოვრება აზრს კარგავს. არ არსებობს ხელოვნება უპირობო სიყვარულის გარეშე, ხელოვნება  თვითშემეცნებით, ინტუიციით, ხელოვნების, ცხოვრებისა და ადამიანების სიყვარულით იწყება.

რა როლი გაქვთ როგორც ხელოვანს საზოგადოების წინაშე?
ჩემი როლი საზოგადოების წინაშე არის ადამიანის, რომელიც ცდილობს ჭეშმარიტი სილამაზის პოვნას, მასთან შეხებასა და მიახლოვებას. ჩემი აზრით, ოცდამეერთე საუკუნეში არ არის საკმარისი ერთ სახელოვნებო სფეროში მოღვაწეობა, შესაბამისად, არტისტი თავის სათქმელს სხვადასხვა ჟანრის, ვიზუალური ხელოვნების სინთეზით ბევრად შთამბეჭდავად გამოხატავს. ჩემი საავტორო პროექტების ფარგლებში ფოტოგრაფიასთან ერთად ყოველთვის ვქმნიდი ვიდეოს, ინსტალაციასა და კოსტუმს. ნებისმიერი ხელოვანისთვის და განსაკუთრებით ჩემთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებამდე სიღრმისეულად მიიტანო სათქმელი, შეეხო ადამიანის გულს.

რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება სამოსის დიზაინში?
ყოველთვის მაინტერესებდა სამოსის დიზაინი, ხშირად ვქმნიდი კოსტუმს ჩემი გადაღებებისთვისა და გამოფენებისთვის, თუმცა ყველაფერი ანტიკვარული ქსოვილების, მაქმანების, სამკაულებისა და აქსესუარების კოლექციონერობით დაიწყო. მოდის სამყარო ყოველთვის მიმზიდველი იყო ჩემთვის და განსაკუთრებულ ლტოლვასაც იწვევდა, მაგრამ ეს ნაბიჯი გააზრებულად გადავდგი როცა ამ ეტაპისთვის მზად ვიყავი.

ირმა, ყოველთვის ძვირფას ქსოვილებს იყენებთ კოლექციის შესაქმნელად, რამდენად მისაღები ფასებია მომხარებლისთვის?
ყოველთვის მნიშვნელოვანია შეხება. მიყვარს ნატურალური ქსოვილები: აბრეშუმი, ბარხატი, ფარჩა, თავს განსაკუთრებულად კომფორტულად გრძნობ, როცა მაღალი ხარისხის აბრეშუმის კაბა და კიმონო გაცვია. Irma De Flore-ს ქურთუკებსაც კი ნატურალური აბრეშუმის სარჩული აქვთ. ყველაფრის ტესტირებას პირადად ვაკეთებ, ვლინდება რამდენად პრაქტიკულია ან კომფორტულია ნებისმიერი მოდელი, რადგან ძალიან პრეტენზიული ვარ, როგორც მომხარებელი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქალბატონებს მხოლოდ საუკეთესოს ვთავაზობ. ყოველთვის ვცდილობდი კაბა, რომელიც მეცვა განსაკუთრებული ყოფილიყო. ტენდენციების ზედმიწევნით გათვალისწინება მოსაწყენია. ღირებულებას რაც შეეხება ვფიქრობ, „Luxury“ კლასთან მიმართებით Irma De Flore-ს ფასები, რა თქმა უნდა, საკმაოდ დაბალია.

როგორ აბალანსებთ კრეატივს ბიზნესთან ერთად?
რთულია, თუმცა შესაძლებელი, მნიშვნელოვანია გამოცდილება.

Irma De Flore-ს ქალბატონი…
Irma De Flore-ს ქალბატონი პირველ რიგში გაბედულია. მას არ ეშინია ფერების მდიდარი პალირტის გამოყენების, შეუძლია მოირგოს განსხვავებული სტილის სამოსი: ელეგანტური, ეკლექტიკური, ბოჰემური…
ამ ქალბატონის ხიბლი მრავალფეროვნებაშიც მდგომარეობს, ის უგუნებელყოფს შაბლონურ ტრენდებს, შეუძლია ყოველდღიურობაში იყოს მომხიბვლელი და შთამაგონებელი. მას უყვარს ანტიკვარული სამკაულები, ექსპერიმენტები, თუმცა, ის არასდროს არის გადატვირთული. Irma De Flore-ს ქალბატონს შეუძლია ჰარმონიის შექმნა საკუთარ თავთან, რომელიც ბედნიერებას ანიჭებს. ის არის მუზა და პოეტი ერთდროულად!


რასთან ასოცირდება თქვენთვის ფერების სინთეზი?
კოსმოსთან. სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ დიდი შემოქმედია წარმოუდგენელი წარმოსახვის დიაპაზონითა და მასშტაბით. ვფიქრობ, ადამიანები, რომლებიც ფერთან მუშაობენ უფრო მგრძნობიარეები არიან.

ცხოვრებისეული სიტუაცია, რომელიც თქვენი შემოქმედების ინსპირაციად იქცა…
ჩემი შვილის დაბადება დღემდე რჩება ჩემი შემოქმედების მთავარ ინსპირაციად.
ასევე განსაკუთრებულად შთამაგონებელი აღმოჩნდა გენიალური მექსიკელი მხატვარი, ფრიდა კალო, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ფრიდა, საერთაშორისო პროექტი „წერილების“  გარდა, ერთ-ერთი პერფომანსისა და კოლექციის ინსპირაციაა. ტანგოს კვალი კი წარუშლელია ჩემს ცხოვრებასა და შემოქმედებაშიც, ხშირად ვამბობ, რომ ტანგოს მუსიკა ჩემი ცხოვრების „საუნდტრეკია“, მისი ინსპირაციით დადგმული სპექტაკლი-პერფომანსი „ვარდების ტანგო“ წარმატებით შედგა მოდის კვირეულზე და დიდი მოწონებაც დაიმსახურა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „საჩუქარი“-ს ფარგლებშიც, თუმცა ყველაფერი აქ არ მთავრდება, ბუენოსაირესი წინ არის….

თქვენი
  კიმონოები მალევე მოხვდა მსოფლიო მოდის ეპიცენტრში, ვიხილეთ ისეთ გავლენიან გამოცემებში, როგორებიცაა Vogue, Le21Eme  და ა.შ. ელოდით ასეთ გამოხმაურებას?  თვლით თუ არა, რომ  ეს სტიმულის მომცემი იყო  მეტი თამამი ნაბიჯებისთვის მოდის ინდუსტრიაში?
რა თქმა უნდა, იყო. მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ყველაზე საპატიო სტუმარმა, ცნობილმა ბრიტანელმა ფიგურამ მოდის სფეროში, ჰილარი ალექსანდრმა კოლექციის ერთ-ერთი კაბა და კიმონო ჩვენების დასრულებისთანავე შეიძინა. სპეციალური დაკვეთით შეიკერა კიმონო თიკა კანდელაკისთვის. სულ რამდენიმე დღის წინ, ქსენია სობჩაკმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც არაჩვეულებრივი ყვითელი კიმონო აცვია.
ამ სეზონზეც მოვხვდით გავლენიან პორტალებსა და გამოცემებში. ბევრი ცნობილი ქალბატონის კარადაში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ  “Irma de Flore” -ს კიმონო განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. დადებითი გამოხმაურება კი საერთაშორისო ასპარეზზე, სასიამოვნოა და ასევე მნიშვნელოვანიც.

რას გვეტყვით ახალი კოლექციის  შესახებ?
Irma de Flore-ეს შემოდგომა-ზამთარი 2017/18 კოლექცია მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში დახურული სალონური ჩვენებით, ძველი თბილისის ყველაზე ბოჰემურ რესტორანში, პურპურში ჩატარდა. ჩვენებას ფორტეპიანოზე ცოცხალ მუსიკალურ აკომპანიმენტს ცნობილი პიანისტი, ზურაბ ხუციშვილი უწევდა. ჩვენებას დაესწრენ კვირეულის სტუმრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტები, კრიტიკოსები და ბაიერები.
საუკუნის დასაწისით Belle Époque და Art Nouveau – თი შთაგონებულმა კოლექციამ სტუმრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.


კოლექცია ქალურ, ელეგანტურ სილუეტს უსვამს ხაზს.  გამოყენებულია ბარხატი, გობელენი და აბრეშუმის მაღალი ხარისხის ქსოვილები. პალტოები, ქურთუკები, კაბები და ჩანთები შემკულია ყვავილების ნაქარგობებით. კოლექცია მდიდარია ხელნაკეთი აქსესუარებით, ზამბახის „აბადოკებით“ და ბროშებით, ასევე ბისერებითა და ნაქარგი საყურეებით. მთავარი სიმბოლო ზამბახია, ბუნების ყველაზე ნატიფი და დახვეწილი ყვავილი, რომელიც ქალური ფორმებითა და ღრმა ფერთა გამით გამოირჩევა. Irma de Flore-ს  კოლექცია ხოტბას ასხავს დახვეწილ და ელეგანტურ ქალბატონს, Unisex მიმდინარეობისა და მუდმივი ცვლილებების  ეპოქაში.

This slideshow requires JavaScript.

10 წლის შემდეგ…
ვფიქრობ, 10 წლის შემდეგ აღარ ვიცხოვრებ თბილისში. შემოქმედებით მხარეს რაც შეეხება, მგონია, რომ უფრო მეტ ექსპერიმენტს და კოლაბორაციას გავაკეთებ, ახალ სახელოვნებო სფეროებს შევეხები. აუცილებლად გავაკეთებ ჩემს წიგნს, ფოტო ალბომს, რაზეც დიდი ხანია მეფიქრება. ფოტოგრაფია და მოდა ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების ნაწილი.
მიჭირს ცოტა პასუხის გაცემა, მაგრამ ვფიქრობ, 10 წლის შემდეგ უფრო მეტი თავისუფალი დროც მექნება სამოგზაუროდ; აუცილებლად წავალ მექსიკაში ფრიდა კალოს სახლ-მუზეუმის სანახავად და არგენტინაში, საუკეთესო მილონგებზე ტანგოს საცეკვაოდ.

© EIR
Data Alekseev

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s