ზურა ბალანჩივაძის ვინტაჟური სამყარო

მოდის სამყარო მდიდარია უამრავი საინტერესო შტრიხით. ყოველდღიურად ჩნდება ახალი მიმართულება, სტილი და ტენდენციები. ყველასთვის ცნობილია ანტიკვარული ნივთების იშვიათობა და მაღალი ღირებულება. სიძველისადმი სიყვარული მოდაშიც გვხდება ვინტაჟის სახით. იგი ფრანგული სიტყვაა და ითარგმნება, როგორც ტერმინი მეღვინეობაში, რომელიც ღვინის დაძველებას ნიშნავს. შესაბამისად, ვინტაჟური სამოსი გასული თაობებისა და მოდის მიმართულების „რენესანსია“ დღევანდელი ცხოვრების სტილში.
ხშირ შემთხვევაში, ვინტაჟის მიმდინარეობა კლასიკურ ჩაცმულობასთან ასოცირდება.
ყველასთვის ნაცნობი ტერმინია – „ეს ხომ კლასიკაა“ , ეს უკანასკნელი ვინტაჟის ეპითეტად ქცეული სინონიმია, რომელსაც ხშირად ვიყენებთ, აღტაცების შემთხვევაში , როდესაც ხელოვნების ნიმუში ან თუნდაც მუსიკა, გარკვეული ეპოქის სარკეა და მრავალწლიანი ისტორიის მატერებელი.

ყველას გვსმენია კრიტიკა ერთფეროვანი და არაფრისმთქმელ სტილთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში გემოვნებიანი სამოსის ტენდენციურ პლაგიატიზმზეც გვილაპარაკია, მაგრამ ჩვენს ქალაქში ნამდვილად არსებობენ ის ადამიანები, რომლებსაც კლასიკური მიმდინარეობის მიმართ განსაკუთრებული ხედვა და დამოკიდებულება გააჩნიათ.
ზურას სახით მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც მაგალითი შეიძლება იყოს ნებისმიერი ჩვენგანისთვის, რადგან მისი იმიჯი ბუნებრივობაში მდგომარეობს და ნამდვილად ისტორიას ჰყვება. ზურა შორსაა თანამედროვე ტენდენციებისგან, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მის მიერ შერჩეული „ტიპაჟი“ თავისთავად ქმნის ტენდენციასა და ხაზს, რომელიც ყოველთვის უფრო იშვიათი და დაფასებულია.

ზურა ბალანჩივაძის ცხოვრება ერთდროულად თანამედროვე და ვინტაჟურიცაა.
როგორც აღნიშავს, უამრავი ერთმანეთისაგან განსხვავებული სფეროთია დაინტერესებული, ხოლო ჰობის სახით კი მის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს მხატვრობა, მუსიკა და მობილური ფოტოგრაფია იკავებს.
სტილი მის ყოველდღიურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.
ზურა ერთ-ერთი გამოჩენილი პერსონაა, რომელიც ყოველთვის ვინტაჟ მაღაზიებში იმოსება.
თვლის, რომ იმიჯი პიროვნების ინდივიდუალიზმთან არის დაკავშირებული და ეს ყველაფერი არ უნდა იყოს ხელოვნურად შექმნილი.

ზურა, როდის აღმოაჩინე მიდრეკილება ვინტაჟური ჩაცმულობის მიმართ?
ბავშვობიდანვე მომწონდა განსხვავებული სტილი და დღემდე მძაფრად ვგრძნობ ამას. სტილის აღმოჩენასა და ძიებაში წლები დამჭირდა. ჯერ უნდა გამეგო რა მინდოდა, შემდეგ იმაზე მეფიქრა თუ როგორ მოვირგებდი აღმოჩენილს. ეს არ ყოფილა რაიმე პროექტი ან ექსპერიმენტი, მისი სახე უფრო პროცესს გავდა. მახსოვს, სტუდენტობის პერიოდში, პირველად გრძელი ქურქი შევიძინე. მას ვინტაჟური ჟილეტი მოჰყვა, შემდეგ ცილინდრიც კი მოვიხდინე. ქუჩაში სეირნობის დროს საოცარი შეგრძნება იყო, ახალი ფორმის თანვმდევი ჩრდილის დანახვა, რომელიც უფრო და უფრო ემსგავსებოდა ჩემ მიერ წარმოსახულს.
სამოსის შემდეგ უკვე აქსესუარებმაც დამაინტერესა და ასე ეტაპობრივად ჩამომიყალიბდა სტილი, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია.

დღევანდელი გადმოსახედიდან, კლასიკური ვინტაჟი უფრო მეტია შენს სტილში თუ მოდერნისტული?
ორივე. გააჩნია ხასიათს, იმასაც, თუ სად მივდივარ და რამდენად კომფორტულად ვიქნები. ვინტაჟური სტილი ნამდვილად მოითხოვს მსხვერპლს, რა თქმა უნდა, ნაკლებად პრაქტიკულიც არის და რიგ შემთხვევაში დისკომფორტის შექმნის საგანიც გამხდარა. ასეთ სიტუაციაში ყოველთვის წინასწარ ვგეგმამ რა ჩავიცვა, თუმცა უპირატესობას მაინც კლასიკურ ვინტაჟს ვანიჭებ.

ვინტაჟური აქსესუარები ახსენე, რას გვეტყვი მათზე?
პატარა ისტორიას მოგიყვები. სანამ გაჩნდებოდა ჰალსტუხი პოპულარული გახლდათ ბაფთა. მე-19 საუკუნეში კი უბრალო თეთრ ყელსახვევს იყენებდნენ მამაკაცები. ამ ყელსახვევის ერთ-ერთი გადმონაშთია ასკოტი, რომელიც ჰალსტუხს გავს და მეორე – თავად ჰალსტუხია. ყელსახვევებამდე იყო ჟაბო. ძველად, მამაკაცს ყოველთვის ამშვენებდა ყელზე აქსესუარი, ეს გარკვეული სტატუსის მაჩვენებელი იყო. მახსენდება სალონური წვეულებები ბრიტანეთში; ე.წ ჩაის სმის შეკრებებზე ეტიკეტად იყო ქცეული ფრაკი და მასზე დამშვენებული თეთრი ბაფთა. ეს ტრადიცია დიდი ხნის მანძილზე, ფაქტობრივად 90-იან წლებამდე შეინარჩუნა ოპერამ, სადაც დირიჟორი, ორკესტრანტი და სოლისტი მამაკაცები ასეთნაირად იმოდებოდნენ. დღედღეობით კი მეტნაკლებად თავისუფლებაა აქაც. ბაფთა აღიარებულია კლასიკური სტილისა და ვინტაჟის სიმბოლოდ. ამ უკანასკნელშიც გვხვდება რამდენიმე კატეგორია. ერთ-ერთია ბრიტანული, რომელსაც განსაკუთრებული განასკვის ფუნქცია აქვს. ეს ტრადიციული ბაფთა გახლავთ, რომლის შეკვრის ტექნიკასაც თქვენ უნდა ფლობდეთ. ვისაც ნამდვილი ვინტაჟი ესმის, ის არასდროს შეიძენს მზა ბაფთას და აუცილებლად გამოიყენებს ტრადიციულს.

შენი აზრით, რა განასხვავებს ვინტაჟს რეტროსაგან?
თითქმის არაფერი.
ვინტაჟი ასოცირდება 20-იან წლებთან, კერძოდ კი XIX-XX საუკუნეების მიჯნის სტილსა და ხელოვნებასთან. ერთი სიტყვით, იმ ეპოქასთან, როდესაც ცილინდრი და ე.წ „შლაპა“ იყო მოდაში. რეტრო კი ძველის აღმნიშვნელია, რომელსაც ძირითადად 60 და80 -იანი წლების აღსანიშნავად გამოიყენებენ.
ჩემი აზრით, რეტრო შეგვიძლია ვთქვათ ვინტაჟზეც, რადგან ისიც ძველია, უბრალოდ შედარებით ფართო ცნებას წარმოადგენს.

რომელი ეპოქის შთაგონებით სჭარბობს ტანსაცმელი შენს კარადაში?კონკრეტულად შეიძლება ვერ დავასახელო, თუმცა მე-19 საუკუნის ვინტაჟს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ჩაცმულობაში.

ვინ არის შენთვის სტილის სიმბოლო?
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩემი სტილის სიმბოლო უინსტონ ჩერჩილია. შეყვარებული ვარ ბრიტანულ სტილზე. რა თქმა უნდა, ჩერჩილი მოდის მიმდევარი არ იყო, მაგრამ მისი მთავრი ამოცანა ნამდვილად იყო, რომ ყოფილიყო ყველასგან დასამახსოვრებელი. მან შექმნა გენიალური ტიპაჟი, რომლის იდენტიფიცირებაც ძალიან მარტივია.
ასევე მახსენდება ლუჩანო პავაროტი. ნებისმიერ ჩვენგანს ვინც ვცნობთ, მის შემოქმედებას გამორიცხულია პავაროტის ასოციაცია არ გაგვიჩნდეს ჭარბ წონიანი მამაკაცის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ფრაკით იქნება შემოსილი, საგულეზე კი ცხვირსახოცი ექნება მიბნეული.

შენი ფერი?
სხვათაშორის, დიდ უპირატესობას ვანიჭებ ფერებს. ვფიქრობ, რომ ჩემი ფერი წითელია.
ვინც მიცნობს კარგად, ფერის სიმბოლიკიდან გამომდინარე ეს არც გაუკვირდება.
ყოველთვის ვცდილობ ვიყო ფერადი და არა ჭრელი. მიყვარს მინიმალისტური კომბინაციები, მაგალითად ყვითელთან მწვანე, ლურჯთან თეთრი და ა.შ.
ძალიან საინტერესო პროცესია ფერებთან თამაში და ჩემი აზრით, წარმატებულად ვართმევ თავს.

დღესდღეობით საქართველოში უამრავ სტილიზებურ მიმართულებას ჰყავს თავის მიმდევარი, მაგრამ ვინტაჟი ნაკლებად აქტუალურია, შენი აზრით რა იწვევს ამას?
როგორც უკვე ვახსენე, ვინტაჟი გაცილებით არაკომფორტული და მოუხერხებელია ვიდრე ჩაცმის თავისუფალი სტილი. ალბათ, უფრო პრეტენზიულიცაა ვიდრე სხვა დანარჩენი. მიმდინარეობა ესთეტიკურად გვკარნახობს შესაბამის მიხვრა-მოხვრასა და ჟესტიკულაციას. ჩაცმულობას, რომ თავი დავანებოთ, სტილი, ადამიანის მუსიკალურ გემოვნებაზეც მეტყველებს. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც აცვია რეტრო და მინიმუმ ფრენკ სინატრას არ უსმენს. საქართველოში კლასიკური მუსიკის მსენელს უფრო ნაკლებად შევხვდებით. შესაბამისად, ინტერესები მჭიდროდ ებმის ჩაცმის სტილს და ამით კარგად აიხსნება ვინტაჟური სტილის არაპოპულარობაც საქართველოში.

შენს ფოტონამუშევრებშიც ხშირად ვხვდებით ვინტაჟს, ძირითადად თბილისის ძველ უბნებს იღებ. რას გვეტყვი ამის შესახებ?

მე-19 საუკუნის ვინტაჟური თბილისი, როგორც ფოტო ხელოვნება, დიდი შთაგონებაა ჩემთვის. ძალიან მიზიდავს ძველი არქიტექტურა.

შეიძლება პატარა დეტალებს უთქმელად ჩაუარო, მაგრამ კარგად თუ დააკვირდები აღმოაჩენ, რომ ჩვეულებრივი მოჩუქურთმებული კარის მიღმა დიდი ისტორია იმალება. ზუსტად ამ ამოცანის ამოხსნას ვცდილობ სხვადასხვა რაკურსით, ფილტრითა და განათებით. თუ კი კადრში გარემოს შესაფერის ან თუნდაც ზედმეტად შეუფერებელ ადამიანსაც მოვაქცევ, შეიძლება ის უფრო საინტერესოც გამოვიდეს.

ტექსტი – დათა ალექსეევი
სტილი – დათა ალექსეევი
ფოტო – სალი დუნდუა

ჟურნალი ბომონდი, მაისის ნომერი , 2017
http://www.beaumonde.ge/dataalekseev

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s