შავის მისტიკური ჩრდილები

– ფერტამეტყველების ისტორია საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ყველა უძველეს ცივილიზაციაში სამი ძირითადი ფერი დომინირებდა: თეთრი, წითელი და შავი. უმეტეს შემთხვევაში თეთრი და წითელი სიცოცხლის სიმბოლოს აღნიშნავდა. უფრო საინტერესო შემთხვევას ვხვდებით შავ ფერთან დაკავშირებით.
სხვადასხვა ერის კულტურაში არარსებული ფერი არა მხოლოდ სიკვდილის, არამედ უკვდავების სიმბოლოსაც წარმოადგენდა. გასაკვირი არაა, რომ თითოეული ფერი ადამიანის არაცნობიერში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და უამრავ ემოციასაც იწვევს, ეს ყველაფერი კი ფსიქოლოგიურ ფენომენსაც ეყრდნობა.

პირველადვე განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა შავ ფერს მოდის ისტორიაში. მისი ამოუხსნელი ბუნების მიუხედავად საზოგადოებაში ყველაზე მეტ ინტერესსა და ლტოლვას იწვევდა. თითქოს, ყოველთვის დიდი და ეპატაჟური ისტორიის მატარებელი იყო ელეგანტური შავი. ავიღოთ პალიტრა და ზედმიწევნით დავატანოთ ყველა ფერი რაც კი არსებობს, შედეგად უკიდურეს მუქ ფერს მივიღებთ, რომელიც შავის შედარებით ღია ტონალობაში იქნება გადაწყვეტილი.

შავის ესთეტიკა თავისუფლების მძაფრ შეგრძნებადაც შეგვიძლია მოვიაზროთ, ასევე პროტესტისა და აგრესიის ფერადაც, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.
დღეს ხშირად ვხვდებით დიზაინერებს, რომლებიც მკაცრ და მინიმალისტურ სტილზე მუშაობენ; მკვეთრი ფერებისა და ზოგჯერ ქალური სილუეტების უგუნებელყოფვით.
„შავი არის ფერი, რომელიც არის მოკრძალებული და მედიდურიც“ ასე აღწერს იაპონელი დიზაინერი იოჯი იამამატო მისტიკურ შავს თავის შემოქმედებაში.
ამ შემთხვევაში, კრეატივი სიმარტივეშია. რაც შეეხება მინიმალიზმს, ამ უკანასკნელს უამრავი მიმდევარი ჰყავს, თუმცა დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული საკუთარი ხელწერის შექმნა და შენარჩუნება, შესაბამისად თითზე ჩამოსათვევლი შეიძლება იყოს იმ დიზაინერთა ნუსხა, რომელიც ამ ჩანაფიქრს წარმატებულად ართმევს თავს.

საკითხი, როდესაც შავ ფერსა და მინიმალისტურ სტილს ეხება, გამორიცხულია კოკო შანელი არ გაგვახსენდეს. იგი პირველია მოდის ისტორიაში, ვინც ქალის ტანისამოსში მამაკაცის სტილი შეიტანა. ფემინურ სტილს ცოტა მკაცრი დეტალები დაუდო საფუძვლად და პირველმა შექმნა შარვლის მოდელები ქალბატონებისთვის. ასევე შანელის სახელთან არის დაკავშირებული ე.წ „მოკლე შავი კაბების“ პერიოდი, რაც მუქი ფერის ტენდენციურობასთან და სტანდარტული კაბის მინიმალისტურ სტილში გარდასახვასთან ასოცირდება. ალბათ, ყველაზე უფრო მისტიკური იყო შავის ჩრდილი მე-20 საუკუნეში.
როდესაც შანელის საყვარელი მამაკაცი მოკლეს, მომხდარზე ბოროტი ხმები დაიოდა. ამბობდნენ, დიზაინერმა შავი იმიტომ შემოიტანა მოდაში,რომ ცნობილ პარიზელ ქალბატონებს მისი ტრაგედია ეგლოვა. ამ ყველაფერმა კი შავი ფერის ტენდენციას მნიშვნელოვანი საფუძველი დაუდო და ბევრი კითხვის ნიშანიც გააჩინა.

დღესდღეობით, შავ მოდასთან დაკავშირებით ორი განსხვავებული აზრი ფიგურირებს. ბევრისთვის უდავოა მისი კრეატიულობა, ზოგისთვის კი ერთფეროვანი ტენდენციაა.
ჩვენს გარშემო არსებობენ დიზაინერები, რომლებიც დიდ უპირატესობას ანიჭებენ დაუვიწყარ შავს და ქმნიან ტანსაცმელს, რომელიც განსხვავებული ხედვისა და იდეის მეშვეობით ყოველთვის გამორჩეული და დასამახსოვრებელი იქნება.
მინდა წარმოგიდგინოთ ორი დიზაინერი, რომლებიც შავის მისტიკური ჩრდილის ქართველი წარმომადგენლები არიან. მათ დაამსხვრიეს სტერეოტიპები და შექმნეს შემოქმედება უსაზღვრო ფანტაზიის უნარით, რომლის მთავავარი კრედო სიმარტივეში და ხელწერის იდენტიფიცირებაში ჩამოყალიბდა.

ტექსტი – დათა ალექსეევი

სტილი – დათა ალექსეევი
ფოტო – სალი დუნდუა
მოდელი – ნუცა მდივანი

გიორგი შაღაშვილი

– შავი, დუალისტური ბუნებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად დატვირთულია საინტერესო საწყისებით. სხვადასხვა ერის კულტურაში შავ ფერს განსხვავებული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. იგი მოხსენიებულია როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ კონტექსტშიც. ვასილ კანდინსკის ფერთა თეორიიდან გამომდინარე შავი აქრომატია, თუმცა გოეთეს თეორიის მიხედვით იგი არსებული ფერია, რომელიც ათვლის წერტილია თეთრთან ერთად. შავი აბსოლიტურ სიბნელეს წარმოადგენს, ხოლო თეთრი აბსოლიტურ სინათლეს.
დანარჩენი ფერები კი მათ შორის იყრიან თავს.

რაც შეეხება შავი ფერის ესთეტიკას, მისი მთავარი ნიშა ელეგანტურობაში მდგომარეობს. ყოველთვის გამორჩეულია მუქი ფერის ტანისამოსი ქალბატონებზე, აქცენტი ძირითადად სილუეტზე კეთდება და სხეული უფრო დახვეწილი და რესპექტაბელური ხდება. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო და ფერადი ბუნება აქვთ იმ ადამიანებს ვინც რეგულარულად შავი ფერის ტანსაცმელს მოიხმარს. მათ არ სჭირდებათ გარეგნულად გაფერადება, იმისთვის რომ წინა პლანზე წამოწიონ ემოციები, მათთვის ორგანულია ის, რაც აცვიათ და თავს სადად და კომფორტულად გრძნობენ. შავს არ გააჩნია წინასწარი განწყობითი ემოცია, იგი ყოველთვის ახერხებს მთლიანი აქცენტის გადატანას პიროვნებაზე, მის ხასიათსა და ვიზუალზე, შესაბამისად მისი მოხდენის მთავარი კომპონენტი ბუნებრივობაა.

საპასუხისმგებლოა სამოსის საშუალებით ფართო აუდიტორიას შენი ნააზრევი აჩვენო. შესაბამისად, თემატიკა და ინსპირაცია დიდ როლს თამაშობს ჩემს შემოქმედებაში.
ყოველთვის ვცდილობ სწორად მივიტანო ჩემი სათქმელი მაყურებელთან და ის განწყობა, რომელიც ინსპირაციის მთავარ ასპექტს წარმოადგენს. არსებობს მოსაზრება, რომ შავი ფერი ხშირად პროტესტის სიმბოლოც გამხდარა, თუმცა ჩემს შემოქმედებაში ასე არ არის, თუ ერთ გამონაკლისს არ ჩავთვლით. მახსენდება ჩემი კოლექცია, რომლის მთავარი თემატიკა აფრიკა იყო. დიდი პროტესტი გამოიწვია კენიაში ცხოვრებისას იმ ფაქტმა, როდესაც ადამიანები ხვეულ თმას, მათი გენეტიკის მთავარ იდენტიფიკაციურ ფორმას, უამრავი საშუალებით უკარგავდნენ ეფექტს; ისწორებდნენ, იკეთებდნენ პარიკს და იცვლიდნენ იმ გარეგნულ მახასიათებელს, რომლითაც გამოირჩეოდნენ. ამ მომენტში დიდი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და შემდეგ ეს დამოკიდებულება გადმოვიტანე ჩემს კოლექციაში, სადაც ხაზი გარეგნულ სრულყოფილებას გავუსვი. ვიზუალის მხრივ გამოვიყენე აფრო ამერიკული „ბუშჰედი“ , ფინალი კი დაიანა როსის მუსიკით დავასრულე.  ბევრი თვლის, რომ შავზე მუშაობა მარტივია, მაგრამ მათ არასდროს უფიქრიათ რამდენად რთულ დავალებას წარმოადგენს ხარისხიანად გამოკვეთო კონსტრუქციული ხაზები, ფაქტურა და სილუეტი. ჩემი აღქმა შავის მიმართ ფერადია, ყოველთვის სხვადასხვა ტონს ვხედავ მასში, ხასიათი კი სამოსში გადმომაქვს. მოდის სამყაროში უსაზღვროდ შეგიძლია გაცურო ადამიანმა, გამოიყენო შენი ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ გადმოსცე შენი სუბიექტური დამოკიდებულება სამოსის მიმართ.ჩემთვის შავი მისტიკური ჩრდილია, რომელიც ყოველთვის თან გვსდევს, მის გარეშე ცხვორება კი ნაკლებად საინტერესო იქნებოდა.

 

ანუკა ქებურია

– შავი – ეს კლასიკაა. ვთვლი, რომ ყველა ქალბატონის კარადაში უნდა არსებობსეს მოკლე შავი კაბა (Little Black Dress) , რომელიც თავისუფლების, სისადავისა და ელეგანტურობის გარანტი იქნება. შეუძლებელია გქონდეს შავ ფერთან შეხება და კვალი არ დატოვოს მისმა განსაკუთრებულმა ბუნებამ. მიყვარს შავ-თეთრი ფოტოგრაფია და მუნჯი პერიოდის კლასიკად ქცეული ფილმები. ყოველთვის განსხვავებულ ემოციებს აღძრავს გასული ეპოქის შავის ესთეტიკა ჩემში.

ერთ ფერზე მუშაობა სფეციფიკურ მიდგომებს საჭიროებს. თუ ვილაპარაკებთ პოდიუმზე, გეტყვით, რომ ვიზუალური თვალსაზრისით შავ კოლექციაში აღქმადი ძირითადად სილუეტია. ნაკლებია ის ტენდენციური დეტალები, რომელმაც შეიძლება საზოგადოების ყურადღება მიიქციოს. შესაბამისად, მასზე მუშაობა არც თუ ისე მარტივია როგორც ჰგონიათ.
გასათვალისწინებელია სილუეტი, ფაქტურა, შეხამების ეფექტურობა.
ყოველთვის უფრო ბევრი ფიქრი სჭირდება შავის სწორად გამოყენებას.

წლევანდელ მოდის კვირეულზე პირველად შევიტანე ფერი ჩემს კოლექციაში.
ასევე მცირე დოზით გამოვიყენე ქართული თემატიკა, რომელიც ყოველთვის საინტერესო და შთამაგონებელი იყო ჩემთვის. მთავარი დეტალი კოლექციაში ქართული სილუეტი იყო, ვიზუალური ეფექტისთვის კი აჭარული ყაბალახისა და ოსური სახელოს მოდერნიზირება გავაკეთე. როდესაც კოლექციას ვქმნი, პირველ რიგში პოდიუმზე ვფიქრობ. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ასპექტები მაყურებელმა პირველივე შეხედვისას უნდა დაინახოს. ასევე, უნდა განასხვავოს შავის სხვადასხვა ტონალობები და თარგები.
თავიდან ტანისამოსს მხოლოდ ვიზუალური დატვირთვა ჰქონა ჩემს პროდუქციაში, ძირითად აქცენტს ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე ვაკეთებდი. არც თუ ისე დიდი ხანია რაც ტანსაცმლის დიზაინს მოვკიდე ხელი.
შავის დატვირთვა ჩემს შემოქმედებაში მასიური დამრავალფეროვანია. ეს ის ფერია, რომელშიც შემიძლია წარმოვაჩინო ჩემი სულიერი მდგომარეობა და შევქმნა ხაზი, რომელიც დასამახსოვრებელი იქნება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s